×
ტესტები

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 4 ვარიანტი 2025 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მთაწმინდის მთვარე“:

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით

მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

(1) 2. ლექსის მიხედვით, რა არის პოეტის შთაგონების წყარო?

(1) 3. რა მხატვრული საშუალებაა: „მთვარე თითქოს ზამბახია“ ?

(1) 4. ლექსის კონტექსტის მიხედვით, რის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ქნარი?

(1) 5. რაზე მიანიშნებს გალაკტიონი მკითხველს სიტყვებით: „ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...“ ?

(1) 6. რას გამოხატავს სიტყვები: „ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა“ ?

(1) 7. რას ადარებს პოეტი საკუთარ თავს?

(1) 8. რა მხატვრული საშუალებაა: „ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...“ ?

(1) 9. რას გულისხმობს ავტორი სიტყვებში:
„თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები...“ ?

(1) 10. ლექსის კონტექსტის მიხედვით, როგორ შეიძლება გავიგოთ პოეტის სიტყვები: „სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ
გზის გარდა...“ ?

(1) 11. რის თქმა სურს ავტორს სტრიქონით: „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...“ ?

ტექსტი II

თერძის გოგო იმ დროს თოთხმეტი წლის იყო, ტანმორჩილი და გამხდარი. სახელად ლიზა ერქვა. ისეთნაირი შავი იყო, ისეთნაირად ყარაჩი, რომ ტოლები მეტსახელად თეთრ ლიზას ეძახდნენ... სამაგიეროდ, ამ ულამაზო გოგოს მშვენიერი ხმა ჰქონდა. ათასნაირი სიმღერა იცოდა, ხუმრობა, სიცილი და ლაპარაკი უყვარდა. ყოველ ლხინში მას აკვრევინებდნენ ხოლმე დაირას...
თეთრი ლიზა თერძის პატარა ქონების და დუქნის ერთადერთი მემკვიდრე იყო. დუქანი იმას დარჩებოდა, ვინც თერძის სიძე გახდებოდა. შეგირდმა ფირუზამ სწორედ ამას მიაქცია ყურადღება და გუნებაში თერძის ქალის ცოლად შერთვა გადაწყვიტა... ყოველ ცისმარე დღეს ფირუზა ოსტატის ადგილის დაჭერას და მისი დუქნის დაპატრონებას ოცნებობდა. მოსვენება დაკარგა... თერძის გოგოს ხან წინ დაუდგებოდა და მდაბლად თავს დაუკრავდა, ხან შორიდან უყურებდა და თვალს არ აშორებდა. და რაკი თეთრმა ლიზამაც შეამჩნია და მიხვდა, რომ ის მასხრული გარეგნობის ბიჭი შორიდან მეარშიყებაო, გაიპრანჭა... ხან აივანზე იდგა, ხან ფანჯრიდან იყურებოდა, ხან კიბის მოაჯირზე იყო გადმოყუდებული, რომ იმ მწითურ ბიჭს დაენახა...
ფირუზა მაჭანკალს დაეძებდა, რათა ოსტატთან მიეგზავნა და ქალის ხელი ეთხოვნა, მაგრამ ბედმა უმუხთლა და თავი ციხეში ამოაყოფინა.
ერთ ღამეს ამხანაგებმა ძალზე მთვრალი ოსტატი მოიყვანეს. თერძი გაჭირვეულდა და დუქანში მოინდომა ღამის გათენება. დუქანში ღამღამობით ახლა ფირუზას ეძინა. მან მთვრალი ოსტატი თავის ლოგინში მოასვენა, თვითონ კი გათენებამდე ფხიზლობდა. დილით, გამოღვიძებისთანავე, ოსტატმა ჯიბეები მოიჩხრიკა, ფერმა გადაჰკრა და ყვირილი მორთო: „თეთრით გატენილი ქისა დავკარგეო“. „სად დაკარგეთო?“ – მიამიტად ჰკითხა ფირუზამ. „წუხელ აქ რომ ვწვებოდი, კარგად მახსოვს, ჯიბეში მედო, ახლა კი არსად ჩანსო“. ყვიროდა ოსტატი და თან იჭვნეულად ათვალიერებდა ფირუზას, რომელსაც ფერ-ფური მისდიოდა და გულუბრყვილოდ იძახდა: „წუხელის პირში ენა არ გედგათ, ისეთნაირად იყავით მთვრალი და ალბათ ჯიბგირებმა ამოგაცალესო“. ოსტატმა პოლიციას დაუძახა და ფირუზა დააჭერინა.
თეთრ ლიზას მეხი დაეცა. ატირდა და აქვითინდა. დღედაღამ ცრემლშეუშრობლად ტიროდა. გამწარებული ქალი ღვიძლ მამას გულქვას და ცილისმწამებელს უწოდებდა. თეთრი ლიზა დარწმუნებული იყო, რომ მისი მიჯნური უდანაშაულოდ იტანჯებოდა მეტეხის ციხეში. მეზობლებში სულ ალალმართალ ფირუზაზე ლაპარაკობდა, მამას სწყევლიდა, ტიროდა და მოთქვამდა. მეზობელი გოგოები აშოშმინებდნენ და არიგებდნენ, მაგრამ მის გულს ნუგეში არ ეკარებოდა. ყოველდღე ციხის წინ იდგა, რათა რკინისგისოსიან სარკმელში როგორმე ფირუზასთვის მოეკრა თვალი.
თეთრმა ლიზამ იცოდა, რომ გაბოროტებული მამა ადვილად დაამტკიცებდა ფირუზას დანაშაულს. მოსამართლეები დაუჯერებდნენ, ფირუზას ქისის მომპარავად ჩათვლიდნენ და დიდი ხნით ციხეში გამოამწყვდევდნენ. ამ შერცხვენის შემდეგ ფირუზა როგორღა გამოჩნდებოდა ხალხში ან თეთრი ლიზა რა პირითღა გაჰყვებოდა მას ცოლად? თერძის ქალმა ბევრი იფიქრა და ბოლოს ერთი ოინი მოიგონა. მან მეტეხის ციხესთან კლდეზე მდგარი სახლის მრგვალ აივანს დაადგა თვალი. სახლის პატრონთან ავიდა და შეეხვეწა: „აგრემც ღმერთი გიშველის, ფულს მოგცემ და შენმა გახარებამ, ნება მომეცი ყოველ საღამოს აქ მოვიდე და დაირით ხელში ვიმღერო“. „რაღა ჩემი აივანი ამოირჩიე, გოგო? – ჰკითხა გაკვირვებული სახლის პატრონმა, – განა სასიმღეროდ უკეთესი ალაგები არ არის?“ თეთრ ლიზას ტირილი წასკდა და ტირილით უთხრა: „მინდა ჩემი სიმღერით ჩემი საწყალი ტუსაღი გავართო“.

ყოველდღე, ქუჩებში და აივნებზე ხმაური და ღრიანცელი მიწყდებოდა თუ არა, თეთრი ლიზა დაქირავებულ აივანზე ადიოდა დაირით ხელში და გულისმომკვლელ ბაიათებს მღეროდა. ქუჩაში გამვლელები ცნობისმოყვარეობით ჩერდებოდნენ და აივანზე გადმომდგარი ქალის სიმღერის მოსასმენად გროვდებოდნენ. ციხის რკინის გისოსზე მომდგარი ტუსაღებიც ქალის სიმღერით გულს ირთობდნენ და იოხებდნენ. მათ შორის ფირუზაც იყო. ისიც ჯავრიანი გულით ისმენდა აშუღის სიმღერას, რომელშიაც უიღბლო სატრფო ცხარედ მოთქვამდა თავის უნუგეშო სიყვარულს. ეს ამბავი თერძს მიუტანეს. თერძი საშინლად განრისხდა, შინაურები მილანძღ-მოლანძღა: „ქალს თავი ვერ დაუჭირეთო“, შინ დაბრუნებულ ქალს სცემა და დაემუქრა: „კარგად ვიცი, ვისთვისაც მღერიხარ და თუ შენსას არ დაიშლი, მოვიცლი, მოგივარდები და იმ აივნიდან თმებით ჩამოგათრევო“. მამა ქალს ოთახის კარს უკეტავდა, მაგრამ მოხერხებული თეთრი ლიზა ფანჯრიდან გადმოდიოდა და ფოსტლების ფრიალით თევზის აღმართისკენ გარბოდა. თერძს გაკვირვებისაგან პირი ღია რჩებოდა: „ეგ ალქაჯი დაკეტილი ოთახიდან როგორ გადმოდისო“. ხელებს ასავსავებდა. ლანძღვა-გინებით თვითონაც ციხისკენ გარბოდა და როცა ის მრავალაივნიანი სახლის კიბეებზე ხვნეშით ადიოდა, გაფრთხილებული თეთრი ლიზა ავლაბრისკენ გარბოდა.
თეთრმა ლიზამ ყველგან, ახლომახლო ქუჩებში სახელი გაითქვა. ყველას მოსწონდა მისი სევდიანი სიმღერები. გულდამწვარი ქალი მხოლოდ სიყვარულს უმღეროდა... ის სიმღერებში ისეთ სიტყვებს აპარებდა, რომლის აზრი მხოლოდ ფირუზას უნდა გაეგო. აშუღურ სიმღერებში მომღერალი ქალი ზოგჯერ ასეთ რამეს გაურევდა ხოლმე: „ჩემს სიმღერას ყური კარგად დაუგდე, საყვარელო! გესმის რასაც გეუბნები? გაიგონე რა გითხარი? ჩემი სიტყვა შენს საშველად არის ნათქვამი. ჩემმა სიმღერამ შენ ციხის კარები უნდა გაგიღოს“. ფირუზა მალე მიხვდა, თუ რისთვის ადიოდა მისი სატრფო მრგვალ აივანზე. მიხვდა და მის ყოველ სიტყვას ბურთივით იჭერდა, ხან ამ სტრიქონში, ხან სიმღერის დასაწყისში, ხან შუაში და ხან ბოლოში გადაკრულად დამღერებული სიტყვებიდან მან შემდეგი უსტარი შეადგინა: „საყვარელო! მსაჯულებთან ასე თქვი: იმ ღამეს, როცა ქისა დაიკარგა, მე ქისის პატრონის ქალის ოთახში ვიყავი, იმის ალერსით გართული, მრცხვენიან, რასაც ვამბობ, მაგრამ რა ვქნა? ქურდობას მაბრალებთ და ციხეში დალპობით მემუქრებით-თქო. ქისას როგორ მოვიპარავდი, როცა ღამე სიყვარულში შემომათენდა-თქო. ამას მეც დაგიმოწმებ და მაგ ტანჯვისგან დაგიხსნი“.
სასამართლოში ფირუზამ სწორედ ისე ილაპარაკა, როგორც თეთრმა ლიზამ დაარიგა. თეთრმა ლიზამაც დაუმოწმა და სახეზე სირცხვილის ალმური აუვიდა. თერძი სახტად დარჩა. მოსამართლეებმა და სასამართლოში მყოფმა მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ. თერძი რაღას იზამდა? სასამართლომ ფირუზა უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. თავგზადაკარგული თერძი უწმაწურად იგინებოდა, ქალი ლანძღვით სახლიდან გააგდო, თავის დუქნიდან კარში აღარ გამოდიოდა და წუწუნებდა: „საკუთარმა ქალმა საქვეყნოდ შემარცხვინა და ქუდი მომხადაო“.
ფირუზამ და თეთრმა ლიზამ ქალაქგარეთ, წმინდა ბარბარეს ეკლესიაში იქორწინეს, კუკიაზე, წისქვილებთან ოთახი დაიქირავეს და ერთად ცხოვრებას შეუდგნენ.

(1) 2. როგორ წარმოაჩენს ავტორი ლიზას პირველ აბზაცში?

(1) 3. ფირუზას რა თვისება ჩანს მის გადაწყვეტილებაში, თერძის ქალიშვილი ცოლად შეირთოს?

(1) 4. რატომ წყევლიდა ლიზა მამას?

(1) 5. რატომ ეშინოდა ლიზას სასამართლოს გადაწყვეტილებისა?

(1) 6. ლიზამ „მეტეხის ციხესთან კლდეზე მდგარი სახლის მრგვალ აივანს დაადგა თვალი“. რას ნიშნავს მოცემულ
კონტექსტში სიტყვები: „დაადგა თვალი“ ?

(1) 7. რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ფრაზაში: „ადიოდა დაირით ხელში და გულისმომკვლელ ბაიათებს
მღეროდა“ ?

(1) 8. ლიზას რა თვისება ჩანს ფრაზაში: „ისეთ სიტყვებს აპარებდა, რომლის აზრი მხოლოდ ფირუზას უნდა გაეგო“ ?

(1) 9. რატომ „იჭერდა“ ფირუზა ლიზას „ყოველ სიტყვას ბურთივით“ ?

(1) 10. რატომ აუვიდა ლიზას სასამართლოზე სირცხვილის ალმური?

(1) 11. რა აზრია გამოხატული ბოლო ორ აბზაცში?