×
ტესტები

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 3 ვარიანტი 2025 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი „ვეფხისტყაოსნიდან“:

„მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა;
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა,
შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
„ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა“.

ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად, დავჰმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: „ცრემლსა რასა ჰმილდი?“
მითხრა: „შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი!
გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?“

შევედით, ვნახე ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე;
მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე;
წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?“

მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი,
უკუვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“
შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

ასსა ვუბრძანე მონასა: „საომრად დაემზადენით!“
შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით!
უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.

კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე,
ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.
წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი,
წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
„აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!“.
არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად,
ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
ებრძანა, თუ: „ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
მე, ბერსა, შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!“

მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია!
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია:
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!

ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!

შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!“

(1) 2. რას აპირებდა ტარიელი სასიძოს დაბინავების შემდეგ?

(1) 3. რატომ ეუბნება ასმათი ტარიელს: „გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?“?

(1) 4. რომელ ფრაზაშია გამოყენებული მხატვრული საშუალება?

(1) 5. რას აბრალებდა ნესტან-დარეჯანი ტარიელს?

(1) 6. ტარიელის რა ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს სიტყვები: „ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“ ?

(1) 7. რა მხატვრული საშუალებაა: „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე...“ ?

(1) 8. რა გადაწყვიტა სასიძოს მოკვლის შემდეგ ტარიელმა?

(1) 9. მეფის აზრით, რატომ მოკლა ტარიელმა სასიძო?

(1) 10. რას გამოხატავს ტარიელის სიტყვები: „ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე...“ ?

(1) 11. რაში ადანაშაულებს ტარიელი ფარსადან მეფეს?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ნოდარ წულეისკირის მოთხრობიდან „ბარკლაი დე ტოლის სიზმრები“:

საღამოს იროდიმ დიმიტრის ოთახში ადესა მოიტანა. დიმიტრის რძლისთვის დაერეკა, რძალს ვახშმის თადარიგი დროზე დაეჭირა... რძალმა სუფრა გაშალა... დიმიტრიმ ღვინო დოქით შემოიტანა და მაგიდაზე დადგა.
– ჩამოვასხამ, მამა, სირცხვილია. ამხელა დოქს სად დადგამთ? – შეიცხადა რძალმა.
– აგერ დავდგამ, ა... შეხედეთ, რა ეშხიანი ყელი აქვს, როგორ დაამშვენა სუფრა.
–სად იშოვე ასეთი კარგი დოქი? – ჰკითხა დიმიტრიმ იროდის.
– დოქიანად გამომიგზავნეს ადესა.
– ქრთამი ხომ არ არის, იროდი. არ წამწყმიდო!..
– მამა, თუ არ გჭირდებით, მე წავალ, მეჩქარება, – უთხრა დიმიტრის რძალმა...
–წადი, შვილო, ხვალ გამოგივლით და მიხას წავიყვან ზოოპარკში.
რძალი წავიდა... მოხუცებმა თავი თეფშებში ჩარგეს...
– მოდი ახლა, გავიხსენოთ ჩვენი შემქმნელები, – დაიწყო დიმიტრიმ, – მამაზეციერივით სული რომ ჩაგვიდგეს, ამქვეყნად რომ მოგვიყვანეს. ჩვენს მშობლებს გაუმარჯოს!..
იროდი ღვინოს წრუპავდა, თითქოს არომატს უსინჯავდა. წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ჩუმად შეექცეოდნენ მოხუცები ტარანსა და ღომს. დიმიტრი წამოდგა, საიდანღაც წიგნივით სქელი ჟურნალი გამოაძვრინა, გაბერტყა, გაასუფთავა და სუფრასთან მოიტანა.
– რა წიგნია? – იკითხა იროდიმ.
– ერთიც დავლიოთ და გაიგებ, რა წიგნიცაა. მოდი, ის ხალხი გავიხსენოთ, ვისთანაც ხუთი წელიწადი ერთად გვეძინა, ერთად ვჭამდით და ვსვამდით, ერთად ვღვრიდით სისხლს. ეს ჩემი ბატალიონის ოფიცრების ჟურნალია. ყოველი მათგანის მისამართი, მათი ცხოვრების ისტორია შიგ მიწერია. ჩემი ბატალიონი მე ძალიან მიყვარდა. კარგი მეომრები იყვნენ, სულ ახალგაზრდები, ვერცხლისწყალივით ბიჭები, როგორც მოზარე მგლები არ უფრთხიან არც ყინვას, არც ქარბუქს, არც თოვლს, არც ტყესა და არც ღრეს, ისინიც არაფერს უფრთხოდნენ – ტყვიის არ ეშინოდათ, ტყვიას ეშინოდა მათი. რომ დამაწინაურეს, რატომღაც სხვა ფრონტზე გადამიყვანეს. დამეკარგნენ ჩემი ბიჭები. აი, ეს ჟურნალი შემრჩა. მათგან მხოლოდ ორნი გადავრჩით...
– ალი-ზადეს ხომ იცნობდი, – დაიწყო ახლა იროდიმ, – თუ გახსოვს, ჩვენ ერთად წავედით თბილისიდან. თბილისელი ბიჭი იყო, სოლოლაკში ცხოვრობდა.
– ჰო, მგონი მახსოვს, – დიმიტრის არ ახსოვდა ალი-ზადე, მაგრამ მეგობარს ხათრი არ გაუტეხა.
– ძალიან კეთილი ბიჭი იყო, სწორედ ამ სიკეთემ დაღუპა. რუმინეთში ვართ, რუმინეთში... და უცებ მოვიდა ბრძანება, რომ შევწყვიტოთ შეტევა. მთის ფერდობზე სახელდახელოდ გადათხრილ სანგრებში ვსხედვართ. ჩვენს წინ გერმანელებია, ისინიც მთის ფერდობზე არიან გამაგრებულნი, შუაში ჩაგვიდის მდინარე... ნაბრძანები გვაქვს, გერმანელებს განძრევის საშუალება არ მივცეთ, არც ინძრევიან, ჩუმად სხედან სანგრებში. ჩვენ ვხედავთ მათ სანგრებს, მათ ტყვიამფრქვევებს, თითქმის ყველაფერს ვხედავთ. ალბათ, ისინიც კარგად გვითვალთვალებენ. გასაოცარი ის არის, რომ არც ისინი ისვრიან, თუ ვინმემ სანგრიდან თავი ამოჰყო, მხოლოდ მაშინ დაიქუხებს შაშხანა, მაშინ აკაკანდება ტყვიამფრქვევი და ავტომატი. ეტყობა, დიდი სტრატეგიული ბრძოლაა – ჩვენ არაფერი ვიცით, ბრძანებას უსიტყვოდ ვასრულებთ და ველოდებით, რა მოხდება. რაც მთავარია, ისეთი პაპანაქება სიცხეა, იწვება, იხრუკება ქვეყანა... კიბორჩხალებივით დაბრაწულები ვართ. დაგვხუთა, დაგვაოსა სიცხემ. უცებ ვხედავთ, გერმანელების ერთი სანგრიდან ვიღაც ამოძვრა და ჩვენს დასანახად მიწაზე დაახეთქა შაშხანა, ზურგჩანთა, თვალისდახამხამებაში გაიძრო შარვალი, ბლუზა და სულ გაშიშვლდა კაცი. „ფანდი არ იყოს, ბიჭო!“ – ვაფრთხილებ ალი-ზადეს. „მოიცა, მგონი სასწაული ხდება“, – მეუბნება ალი-ზადე და გერმანელს შაშხანას უმიზნებს: „სად წაგვივა, ვუყუროთ ცოტა ხანს“. ჯარისკაცი დედიშობილა დაეშვა ფერდობზე, ხელი დაგვიქნია, თითქოს რაღაც გვანიშნაო, სირბილით მოვარდა მდინარესთან და ისე ხარბად დაეწაფა წყალს, ახლაც ყურში ჩამესმის იმ დალოცვილის ხარბი ყლარწაყლურწი. წყალს პეშვით სვამდა. დიდხანს იდგა და სვამდა. ჩვენ... ჩვენ ალი-ზადეს ველოდებით, მეთაური ის არის და არაფერს ამბობს, შაშხანას კი უმიზნებს.
გერმანელი ნელ-ნელა შევიდა მდინარეში. ცურვა არ ცოდნია, და ბავშვივით ჭყუმპალაობა დაიწყო ნაპირზე. ჰო, რა ამბავში იყო! რას ხტოდა და ტლინკაობდა! „ამ კაცს ჩვენ არ ვესროლოთ, სულერთია, ვიღაც ესვრის“, – თქვა ალი-ზადემ და შაშხანას ხელი გაუშვა. ეტყობა, სხვებმაც ასე იფიქრეს, „ვიღაც ესვრისო“ და არ ესროლეს. გერმანელმა ბანაობა დაამთავრა და აღმართს აუყვა, ჩვენ მოგვხედა და ხელი დაგვიქნია, „მშვიდობითო“. „ახლა ესვრიან მაგ უბედურს“, – ვუთხარი ალი-ზადეს შეწუხებულმა. ალი-ზადემ სხვა ოცეულების გასაგონად, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იყვირა: „არ ესროლოთ, ბიჭებო, ცოდვაა“. ამის თქმა და საიდანღაც ტყვიამ გაიზუზუნა. არ მიმიქცევია ყურადღება. შიშველ გერმანელს შევცქეროდი. მაინტერესებდა, გადარჩებოდა თუ არა, მიაღწევდა თუ არა სანგრამდე. „ხედავ, ალი-ზადე, გადარჩა, არავინ არ ესროლა!“ – შევძახე გახარებულმა. მოვიხედე და რას ვხედავ – ალი-ზადე სისხლში ცურავს. ტყვია შიგ შუბლში მოხვედრია. ომმა არ იცის პატიება. არ გესწავლება, ჩემო დიმიტრი, ომი გულკეთილებს სასტიკად სჯის... ასე უბრალოდ და უღმერთოდ მოკვდა ალი-ზადე! მართლა არაფერი არსებობს ამქვეყნად...

(1) 2. რას ნიშნავს სიტყვები „შეიცხადა რძალმა“?

(1) 3. რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული მონაკვეთში: „დოქს სად დადგამთ?!.. – აგერ დავდგამ, ა... შეხედეთ, რა
ეშხიანი ყელი აქვს“?

(1) 4. დიმიტრის რა თვისებაზე მიუთითებს მისი სიტყვები: „ქრთამი ხომ არ არის, იროდი. არ წამწყმიდო!“?

(1) 5. რის თქმა სურს დიმიტრის სიტყვებით: „ხუთი წელიწადი ერთად გვეძინა“?

(1) 6. თანამებრძოლების რა თვისებას გამოხატავს დიმიტრის სიტყვები: „ვერცხლისწყალივით ბიჭები“ ?

(1) 7. რა აზრს გამოხატავს იროდის მიერ ალი-ზადესათვის ნათქვამი სიტყვები: „ფანდი არ იყოს, ბიჭო!“ ?

(1) 8. ალი-ზადეს რა თვისებაზე მიუთითებს მისი შეძახილი: „არ ესროლოთ, ბიჭებო...“ ?

(1) 9. რა გაუხარდა იროდის?

(1) 10. რა მხატვრული საშუალებაა „კიბორჩხალებივით დაბრაწულები“ ?

(1) 11. იროდის აზრით, რატომ დაიღუპა ალი-ზადე?