×
ტესტები

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 1 ვარიანტი 2025 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ ვაჟა-ფშაველას ლექსი „ჩემი ვედრება“:

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრეკლადა,
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა,
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,–
თვალებში მადლდაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას სხივგამომღებელსა,–
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურადროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლო ამოქშენისა.
სული შენ, ხორცი– მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა,
თევზი– წყალს, ცასა– ვარსკვლავი,
შვილი– დედას და მამასა.

(1) 2. ლექსის დასაწყისის მიხედვით, რა სურს ლირიკულ გმირს?

(1) 3. რას ამბობს ავტორი ცელისა და ბალახის, მგლისა და ცხვრის შეპირისპირებით?

(1) 4. რა არის ლირიკული გმირისათვის „წმინდა ხელობა“?

(1) 5. ყველაზე მეტად რა აშინებს ლექსის ლირიკულ გმირს?

(1) 6. რა მხატვრული საშუალებაა:
„გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა...“ ?

(1) 7. რომელი ფრაზა ეხმიანება სტრიქონებს:
„ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა...“ ?

(1) 8. ლირიკული გმირის რა სურვილი ჩანს სიტყვებში:
„გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი...“ ?

(1) 9. ავტორის აზრით, როდის გრძნობს ადამიანი თავს ლაღად?

(1) 10. ჩამოთვლილთაგან რომელ მონაკვეთში არ არის მხატვრული საშუალება?

(1) 11. რა უპირისპირდება ერთმანეთს ამ სტრიქონების მიხედვით:
„სული შენ, ხორცი – მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა...“ ?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან „ასვლა“:

ბედზე ყინულს ვარსკვლავები ანათებდნენ... მარტოდ დარჩენილი ვაჟა უსიამო ფიქრებმა შეიპყრო. მოყინულ ხელზე იკბინა. ვერაფერი იგრძნო. დაიწყო დაზელა. როგორც იყო აამოძრავა. მერე თოკს მოჰკიდა ხელი და აიწია, მაგრამ უშედეგოდ. მკლავები არ ემორჩილებოდნენ. სიბნელეში კლდეს ძლივს არჩევდა... ხელით მოსინჯა მოსაჭიდი და ერთი ნაბიჯით აიწია. ყინულამდე ორიოდე მეტრი მანძილი რჩებოდა. შეისვენა, ზევიდან ჯემალის ძახილი მოესმა. ვაჟამ ასვლას დაუჩქარა და ფეხი გაუფრთხილებლად გადადგა. სიბნელეში ხელი ვერაფერს მოჰკიდა და ჩამოცურდა. მერე უფსკრულში ჩაეკიდა. ზევიდან კვლავ გაისმა ჯემალის ძახილი. ვაჟამ ამაოდ სცადა კუნთებზე აწევა, გაყინული ხელები თოკს ვერც კი ჩასჭიდა. ახლაღა იგრძნო ნამდვილი შიში. ასე დარჩენილს გაყინვით სიკვდილი ელოდა. როგორ არ უნდოდა ეს მომხდარიყო. მოაგონდა, რომ სულ ორიოდე თვის წინ სიკვდილს ნატრობდა, აქ კი, როცა შეუძლია თვალის დახამხამებაში ოდნავ გამოხსნას თოკი, მცირე ბიძგი და მორჩა – აქ ყველა კიდურით, მთელი სულით შეებრძოლა სიკვდილს. ნანობდა, მართალი გულით ლანძღავდა თავს მთაში წამოსვლისათვის. პირობას აძლევდა ყველას, იწყევლებოდა გულში, რომ ღმერთს (თუ იყო ასეთი!) ან რაიმე განგებას დაესაჯა უარესად, თუ კიდევ წამოვიდოდა. ან როგორ იფიქრა მაშინ სიკვდილზე, როცა სიცოცხლე ასე ტკბილი ყოფილა. ვაჟა, კლდეზე ჩამოკიდებული, დონღუზ-ორუნის ჩრდილო კედელზე იღუპებოდა. უკვე მკაფიოდ შეიგრძნო, რაღაც უჩვეულო ხდებოდა მის ცხოვრებაში. ხელები ისტერიულად ჩაიწყო პირში და კბენდა, მერე „შტორმოვკას“ უხახუნა, ამდენმა ღელვამ და მოძრაობამ გაათბო. აშკარად გრძნობდა ნამდვილ შიშს. მოეჭიდა კაპრონს და ორჯერ აიწია კუნთებზე. ისევ მოეშვა. კბილები ჩაავლო თოკს, ხოლო მარჯვენა ფეხის წვერით ოდნავ მიეყუდა კედელს. ორიოდე წუთი ასე ეკიდა. ვერაფერსა გრძნობდა, მერე რატომღაც გაახსენდა, რომ, როცა კბილი სტკიოდა პატარაობისას, დედა ლოყაზე ლოყას დაადებდა ხოლმე და ურჩენდა. თვალებზე ცრემლი მოადგა, თავს კვლავ პირობა მისცა, მთაში აღარასოდეს წამოვალო. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ყინულზე გავიდა... იქ ხელი გაენასკვა. თვითონ არ ახსოვს, ჯემალამდე როგორ მივიდა. – ბიჭო, ორი საათია, – უთხრა ჯემალმა.
– ორი?
– ჰო!
მერე ჯემალმა შავი დღისათვის შემონახული ორცხობილის ნატეხი გაუწოდა. ვაჟამ ჩაიდო პირში, მაგრამ ვერ დაღეჭა. დატოვებულ თოკს უხმოდ აუყვნენ ღრმა თოვლში... ყინვა უჭერდა და უჭერდა. ცოტა ხნის შემდეგ ქარიც ამოვარდა. იმ ღამეს კარვებში არვის სძინებია. მეორე დღეს თორმეტ საათზე თავდებოდა ალპიური ბანაკის „ნაკრას“ მიერ მოცემული საკონტროლო ვადა. ამ ვადის გადამცილებელს მწვერვალზე ასვლა არ ეთვლება და შეიძლება სპორტული წოდებაც ჩამოართვან. უთენია ჯემალი და ვაჟა დაეშვნენ ბანაკისაკენ. ნისლში გახვეულ მწვერვალზე ორი ნაბიჯის იქით არაფერი ჩანდა. დიდი სიფრთხილით მიიწევდნენ წინ. ნისლი უფრო გახშირდა. მოძრაობა შეუძლებელი ხდებოდა. ყინვამ დილით იმატა. ბიჭები გაჩერდნენ, მერე ნისლში ოდნავ შეიპარა სხივი, დაუბერა სამხრეთის ქარმა და თოვლის ფიფქებთან ერთად გარეკა ნისლი. დაიწყო ციცაბო ფერდობი. წინ ვაჟა წავიდა... წრიაპები ზევით დატოვეს, ფეხი უსხლტებოდათ. ახლა უკვე გაყინულ თოვლზე მიდიოდნენ... ერთი საათის სიარულის შემდეგ გზის რთული ნაწილი უკან მოიტოვეს. ამოვიდა მზე. ხეობაში ჩამოცხა. გათოშილი სხეულის მოყინული ადგილები ასტკივდათ. ათი საათი გახდა. თითქმის მირბოდნენ ორივენი. ვაჟას ნაპრალში ნატკენი ფეხი ისევ ასტკივდა. გაოფლიანდნენ... ძლივს სუნთქავდნენ. ვაჟას ფეხი აეწვა... გზა ტყეში შევიდა. ქინქლები ოფლიან შუბლზე ეკრობოდნენ, კისერში ტყის ქერცლი უცვივოდათ. ვაჟა დაიმანჭა, ფეხი უფრო ასტკივდა. გულში ბრაზობდა, რომ ამდენი სიძნელის მერე წესიერად, ნელი ნაბიჯით მისვლაც არ შეეძლო ბანაკში. სიცხემ იმატა. ოფლში გაიღვარნენ. საშინლად მოსწყურდათ. ჯემალი წყაროსაკენ წავიდა, მერე საათს დახედა და ნაბიჯის შეუნელებლად წინ გასწია. უკან ვაჟა მიჰყვებოდა. საშინლად მოსწყინდა ყველაფერი და ძალიან მოუნდა ხახვი, მესამე დღე იყო, რაც არ ეჭამათ. სიჩუმე ვეღარ აიტანა.
– ჯემალ, ბიჭო...
– რაო?
– რას ინატრებდი ეხლა?
– ნიორს და პურს, შენ?
– მე ხახვი მინდა, გალეტთან ერთად.
– ჰო, კარგი იქნებოდა.
– რამდენი დაგვრჩა დრო?
– თხუთმეტი წუთი.
ბიჭებმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს. ფეხის ტკივილს ვეღარა გრძნობდა ვაჟა. მხოლოდ ხუთი წუთით დააგვიანდათ ბანაკში მისვლა. აუარებელი ხალხი გამოეგებათ გზაზე. დიდი სიხარული იყო. ვაჟამ ანგარიში ჩააბარა ბანაკის უფროსს, მერე ამხანაგებმა ორივე გაიტაცეს. ვაჟა სიამოვნებით წამოწვა და ფეხები საწოლის თავზე შეაწყო. არ ეძინებოდა. ექიმმა სხვა გემრიელ საჭმელთან ერთად ხახვი და პურიც მოუტანა. ჩქარა კარავი დაცარიელდა, მხოლოდ ერთი მისი მეგობარი დარჩა, რომელმაც მაშინვე უთხრა: – ვაჟა, უნდა გაგახარო.
– შენ იცი... – ვაჟას გაეცინა – რითი?
– ტრავერსი დაამტკიცეს, ხვალ ზევით გავდივართ.
ვაჟა წამოჯდა საწოლზე, მერე გადაკოცნა ძმაკაცი. – ჩქარა, ბიჭო, მალამო, ფეხი მოვირჩინო, თუმცა დღე-ნახევარში მაინც მომირჩება.
– რო არ მოგირჩეს?
– რას ამბობ?
ვაჟამ ხახვი ჩაკბიჩა, მერე პური დააყოლა და მჟავე წყალი სიამოვნებით მოწრუპა.

(1) 2. რა არის ვაჟას უსიამოვნო ფიქრების მიზეზი?

(1) 3. რა დაეხმარა ვაჟას უკანასკნელი ძალების მოკრებაში?

(1) 4. რაზე მიანიშნებს მკითხველს ფრაზა: „ორიოდე თვის წინ სიკვდილს ნატრობდა“ ?

(1) 5. განსაცდელში მყოფმა ვაჟამ რა პირობა მისცა საკუთარ თავს?

(1) 6. რატომ ჩქარობდნენ ვაჟა და ჯემალი მთამსვლელთა ბანაკში დაბრუნებას?

(1) 7. რას უპირისპირებს ერთმანეთს ავტორი დრამატული სურათის კიდევ უფრო გასამძაფრებლად?

(1) 8. რის თქმა სურს ავტორს სიტყვებით: „საშინლად მოსწყურდათ. ჯემალი წყაროსაკენ წავიდა, მერე საათს დახედა და
ნაბიჯის შეუნელებლად წინ გასწია. უკან ვაჟა მიჰყვებოდა“ ?

(1) 9. რა ავიწყებს ფეხის ტკივილს ბანაკთან მიახლოებულ ვაჟას?

(1) 10. ვაჟას რა შინაგანი ბუნება ჩანს ბოლო დიალოგში?

(1) 11. რა ქმნის მწერლის ინდივიდუალურ სტილს?