×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 3 ვარიანტი 2024 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ „ვეფხისტყაოსნის“ მონაკვეთი:

მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,
მოლარე იხმო, უბრძანა: „ძილია თუ ღვიძილობა?“
მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა,
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“.
თინათინ ბრძანა: „აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა,
მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა“.

ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო“.

უბრძანა, თუ: „წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
მოახსენე: „რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო“.

თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა,
უბრძანა: „მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?“

ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.

უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია.

უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე,
ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა,
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა.

აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?
უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!“

ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
გაგზავნე კაცი, ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი,
ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი“.

(1) 2. რა აცნობა მოლარემ მამის სანახავად მისულ თინათინს?

3. რატომ არ შევიდა თინათინი მეფესთან?

4. როგორია როსტევანის დამოკიდებულება თინათინის მიმართ?

5. რა არ მოუწონა თინათინმა მამას?

6. როსტევან მეფის მონათხრობის მიხედვით, რატომ სურდა მას უცხო მოყმესთან შეხვედრა?

7. რა მხატვრულ საშუალებას იყენებს ავტორი ფრაზაში: „მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე“?

8. მეფის აზრით, რა გახდა მისი უბედურების მიზეზი?

9. რას ნიშნავს თინათინის სიტყვები: „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა“ ?

10. რა ურჩია თინათინმა მამას?

11. „ვეფხისტყაოსნის“ რომელი აფორიზმი მიესადაგება ამ ეპიზოდს?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ზაირა არსენიშვილის რომანიდან „ვა, სოფელო...“. რომანის პერსონაჟი სპირიდონა შვილის გადასარჩენად თავის ძველ ნაცნობს, სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელ ალიოშას, მიაკითხავს.

– ცნობაა საჭირო, ცნობა, ბიჭისთვის, უნივერსიტეტიდან რომ არ გამორიცხონ, სოცმდგომარეობის ცნობა... – ამოიკვნესა სპირიდონამ. – ო, შავსიელი• არა ხართ? – უნდა ამომშალოთ შავსიიდან... ხო ჩამომართვეს დუქანი, წინააღმდეგობა არავისთვის გამიწევია... სპირიდონამ ხალათის ჯიბიდან გაზეთ „ბრძოლის“ ძველთაძველი ნომერი ამოიღო. გაშალა და ალიოშას მაგიდაზე დაუდო, ისევ მოჰყვა ჯიბეების ქექვას, აი, ეს პროკლამაციაც, განა ადვილი იყოო ეგეთი პროკლამაციების გავრცელება, რამდენი ხიფათი უნახავს... ეგეთი წარსული ააქვს, ნუთუ ერთი ცნობის ღირსი აღარ არის... – ძია სპირიდონ, რა ვქნა, პირდაპირ უნდა გითხრათ, რომა მაგ ყველაფერს იმ შემთხვევაში ექნებოდა ფასი, თუკი ეხლაც რაღაც გზას დაადგებოდით, განახლებული ცხოვრებისა და სოციალიზმის მშენებლობის გზას, პარტიის გენერალურ ხაზს, თუკი რევოლუციის მონაპოვარს დაიცავდით, მაშინ მეც რაღაცა მეთქმოდა, მეც შემეძლო, უკან არ დამეხია, წინააღმდეგ შემთხვევაში წარსულ რევოლუციონერობას, რომელსაც რო უღალატეთ, ეხლა რა აზრი აქვს? ხო აშკარაა, რო დუქანი უფრო გეტკბილებოდათ პარტიაზედაცა და რევოლუციონერობაზეც და ეხლა კიდე პირადი მიზნებისთვინა გსურთ გამოიყენოთ? არ მეტყვიან წვრილბურჟუაზიულ ელემენტს ხელს აფარებო და რადაო და რისთვინაო...
– შვილი რა შუაა ალიოშა, შვილი რა შუაა, ის ხო სტუდენტია, კაცო, რა უფრო წაადგება ქვეყანას, გამაგებინე, ისწავლოს გიგლამა თუ უსწავლელი დარჩეს! მირჩევნია აეგ ნაგანი დამკრა, მირჩევნია, ცარიელს კი ნუ გამიშვებ აქედან, ალიოშა, ნუუ!.. – ძია სპირიდონ, ბედმა გაგიღიმათ, ამ დროს რომ მოხვედით. მამა გავხდი, სამი დღისაა ჩემი ბიჭი, ჰოდა, არ მინდა, არა, ხელცარიელი გაგიშვათ... მაგრამ, ხო იცით, ხელი ხელს ჰბანს, მარტო მეე, მეეს, ძია სპირიდონ, თხა იძახის, ჰოდა, თქვენ ჩვენა და ჩვენ თქვენა, გაიგეეთ?.. და ალიოშამ დიდებული გეგმა დაუსახა სპირიდონას. ჩამორთმეულ დუქანში მშვენიერ მაღაზიას გახსნიან, და ისევაც სპირიდონას დააყენებენ ნოქრად. მიწის გადასახადი არ ექნება და არაფერი. მართალია, გეგმა ექნება და შეიძლება იმდენი შემოსავალი აღარა ჰქონდეს, მაგრამ ტკბილ პურს მაინც შეშჭამს, ოჯახს შეინახავს. – გადამალული საქონელი კიდევ, ძია სპირიდონ... ვითომ წინა დღეებში გაძარცვეს დუქანი და პირწმინდად წაიღეს ყველაფერი, თქვენ თვითონ მოიხმარეთ... აბა, როგორი სიტყვაა?! გიგლასაც, არ დავუშვებთ, რო გამორიცხონ უნივერსიტეტიდან, მართლა ცოდო არ არიი ახალგაზრდა კაცი, ადგე და გზა გაუმრუდო?! ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიან, ძია სპირიდონ!.. სპირიდონა წამოყელყელავდა, დაეჭვებით შეხედა ალიოშას, მართალს ამბობს თუ მეხუმრებაო... მაგრამ ახლა ალიოშა სხვა რამეს უმიზნებდა და სპირიდონამ აკანკალებული ხმით რომ ჰკითხა – მაშ, ცნობას მომცემთო? – ალიოშამ გაიცინა და ხელი გამოუწოდა, რა თქმა უნდა, ცნობასაც ნამდვილად გაგიხერხებთო, ოღონდ... ოღონდ... გაჟეჟილს გატეხილი სჯობია, ჩვენი აგენტი უნდა გახდეთო... – ჰოდა ძია სპირიდონ, თან თქვენს მაღაზიაში იქნებით, თან ჩვენთან, იქნებით გუგულივით, იგრძნობთ, რომ საჭირო ხართ და მერე როგორი საჭირო, იგრძნობთ, რო ქვეყანას ეხმარებით, ერთადერთს მთელ მსოფლიოში, მშენებარე ქვეყანას, სოციალისტურს... ეეს ძალიან დიდი მოვალეობაა, ძია სპირიდონ, ნდობას გიცხადებთ ჩვენა... თქვენ ეს უნდა დააფასოთ... ამას შეგვატყობინებთ, ვინ რითი სუნთქავს...
„ვირეშმაკა...“ – გაიფიქრა სპირიდონამ და თავი ჩაჰკიდა... სცხელოდა, სული ეხუთებოდა... რა საშინელ დროში მოუხდა ცხოვრება... რა მტარვალ დროში... ჯერ იგრედაც სინდისი და სურვილი ერთ გზაზე არ იარებიან... სინდისი უკვე დაგმობილია... განდევნილია... – ძია სპირიდონ, პასუხს ვითხოვ. მეე თქვენკენა ვარ და თქვენ ეშმაკებისკენ ნუ იქნებით, თავსაც გაიუბედურებთ და შვილსაც გზას გაუმრუდებთ... სპირიდონას კი სცხელა, სცხელა, ფეხისგულებიც ეწვის, გეგონებათ გავარვარებულ სილაში აქვს ჩაფლულიო... – თანახმა ვარ, – თქვა უცებ სპირიდონამ, – ვითანამშრომლებ თქვენთან... თუკი ვინმეს რაიმეს შევნიშნავ, ყველაფერს მოგახსენებთ... –ძალიან კარგი, ძია სპირიდონ! მაგრაამ... ხო უნდა დაგვიმტკიცოთ, რო თქვენ მართლა ჩვენთანა ხართ, იგრე მარტო სიტყვით კი არა, საქმით... ჰოდა, მე გთხოვთ, ერთი ოპერაციის ჩატარებაში დაგვეხმაროთ. თქვენს მეტს ეს არავის შეუძლია. უნდა გვითხრათ, სადა ჰყავს მაწიას ცხვარ-ძროხა დამალული და თვითონაც სად არის! – მაწია, კაცო, ჩემი სიმამრია! – უნებურად აღმოხდა სპირიდონას. – სწორედ მაგიტომ, ძია სპირიდონ, სწორედ მაგიტომ, რო სიმამრია და თქვენ გეცოდინებათ, აუცილებლად გეცოდინებათ, არ გეცოდინებათ, გაგება არ გაგიჭირდებათ!.. სპირიდონას ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს გააშიშვლეს, გახადეს ყველაფერი და შუა მოედანზე გამოაჭენეს. დგას შიშველი და დაუცველი, რა ქნას, რა იღონოს, საით წავიდეს, რას მიაწყდეს... მაწია... მაწია... აღდგომის წინა დღეებში გადმოვიდა სოფლიდან, ძღვენი მოართვათ... ეთქვა თურმე სოფლის უფროსობისთვის, გვიან არის ჩემთვის ფერხულებში ჩაბმაო... როგორც აქამდე მიცხოვრია, ეგრევე დამამთავრებინეთ ჩემი ცხოვრებაო. სანამ ცოცხალი ვარ, უცხვროდ არ ვიქნები კი არა, ვერ ვიქნებიო... ვერავინ, ვერავინა ნახეს, ვინც მაწიას გასცემდა, ერთსულოვნება იყო მაწიას ფარეხებში, არავის დაჩაგრავდა, არავის მოექცეოდა უდიერად, მხართეძოზე არ წამოწვებოდა, თავზე არავის წამოაჯდებოდა, სამართლიანი იყო, არავის არაფერს დაუკარგავდა. – აღდგომის შემდეგ მაწია არ მინახავს, საიდან უნდა ვიცოდე, იმას ჩემთვის არაფერი უთქვამს... გავიგებ, წავალ, დავარწმუნებ, რო შეჰყვეს თავის ცხვარს კოლმეურნეობაში, დანიშნავენ ფერმის გამგედ, გაუძღვება ისევ თავის ცხვრებს, ნამუსიან სიტყვას გაძლევ, გეფიცები, რაც მეფიცება, ყველა ღონეს ვიხმარ, რო დავარწმუნო... საცოდავი იყო, ისეთი საცოდავი იყო, ორივე ხელი ყელთან ჰქონდა მიტანილი, გეგონებათ, ეშინია, თავი არ ჩამოუვარდესო, ძლივს ყლაპავდა ნერწყვს... თვალებიც, დაცეცებული თვალები, გეგონებათ, ბუდეებში უხტისო... – თქვენ ალბათ იმასა ფიქრობთ, ცნობაზე რატო არაფერს მეუბნებაო, ჩემს პატარა ბიჭს გეფიცებით, წავალ ყველგან, საცა საჭიროა, ხვალვე გექნებათ ცნობა. თქვენ ნურც შეწუხდებით, აგე, სულს ძლივს იბრუნებთ, სახლში გამოგიგზავნით მილიციელის ხელით, ამაზე კარგი სიტყვა რაღა გინდათ! სპირიდონამ კი ერთი ალმაცერად ახედა ალიოშას, მაგიდის კიდეს დაეყრდნო და წამოდგა... ერთ წუთს ასე იდგა, ალიოშას ჩამოჰყურებდა, მერე მიბრუნდა და კარისკენ წავიდა. ძლივს მიაქლასუნებდა ფეხებს... – ძია სპირიდონ, დაფიქრდი! – დაადევნა ალიოშამ უკანასკნელი სიტყვა, – ვინა ხარ და რა გქვია! ხაარ შიშვლად და ტიტვლად აგორებულ ქვასავით! სად იგორებ, რომელ თავდაღმართებზე დაეშვები, რომელ უფსკრულში ჩაეცემი, არავინ უწყის! დაფიქრდი, ძია სპირიდონ, სანამ დროა! სპირიდონამ კარი გამოაღო, ის იყო უნდა გასულიყო, სანახევროდ შემობრუნდა და ძლივს გასაგონად, თითქოს ტუჩები დაბუჟებია და სიტყვებს კარგად ვერ აგნებსო, ამოილუღლუღა: – ზუროს გორა... ზუროს გორა... მაგრამ ალიოშამ გაიგო და იკითხა: – რომელი, რომელი, პანკისის ზევით, თუ ცივისკენ! – პანკისის ზევით... – თქვა სპირიდონამ და კარი გაიხურა.

2. რატომ დასჭირდა სპირიდონას ალიოშასთვის ძველი გაზეთისა და პროკლამაციის ჩვენება?

3. რას გულისხმობს ალიოშა სიტყვებში: „თუკი ეხლაც რაღაც გზას დაადგებოდით“ ?

4. რომელ მონაკვეთშია ფრაზეოლოგიზმი?

5. რატომ ეუბნება სპირიდონა ალიოშას: „მირჩევნია აეგ ნაგანი დამკრა...“ ?

6. რის თქმა სურს ალიოშას სიტყვებით: „ხელი ხელს ჰბანს“ ?

7. რა მხატვრული საშუალებაა „იქნებით გუგულივით“ ?

8. ალიოშას რა თვისება ჩანს მის ნათქვამში: „ნდობას გიცხადებთ ჩვენა... თქვენ ეს უნდა დააფასოთ... ამას შეგვატყობინებთ, ვინ რითი სუნთქავს...“ ?

9. რატომ დაეუფლა სპირიდონას ისეთი განცდა, „თითქოს გააშიშვლეს, გახადეს ყველაფერი და შუა მოედანზე გამოაჭენეს“ ?

10. მაწიას რა თვისებაზე მიუთითებს სიტყვები: „მხართეძოზე არ წამოწვებოდა“ ?

11. სპირიდონას რა სულიერი მდგომარეობაა გამოხატული სიტყვებში: „ძლივს ყლაპავდა ნერწყვს... თვალებიც, დაცეცებული თვალები, გეგონებათ, ბუდეებში უხტისო...“ ?