×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 4 ვარიანტი 2023 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ ილია ჭავჭავაძის ლექსი „ყვარლის მთებს“:

სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით გაუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა მფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
და შევნატრიდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს,
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავდნენ შიშით სრბოლასა,
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, –
იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა,
ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა,
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.

როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი,
ვითა ფოთოლი – ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.
როს ყმაწვილური მწუხარება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენ-წინ ვღვრიდი ჩემ ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..

რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოველი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ჰქრებით თან-და-თანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვსჭვრეტ ციაგსა ცასა.
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენნი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..

მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.

(1) 2. რა არის პირველი სტროფის მთავარი სათქმელი?

(1) 3. რა ჰგვრიდა ბავშვობაში ლირიკულ გმირს „კანკალს, ჟრჟოლასა“ ?

(1) 4. როგორ გესმით სიტყვები: „ყრმობის სიმარტივითა“ ?

(1) 5. როგორი იყო ლირიკული გმირისათვის აბობოქრებული ბუნების ხმები?

(1) 6. რა მხატვრული საშუალებაა: „ვითა ფოთოლი – ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს...“ ?

(1) 7. რის გამო მოსწონს თავი ლირიკულ გმირს?

(1) 8. როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა გარემო მწუხარე ყმაწვილის მიმართ?

(1) 9. ლირიკული გმირის როგორი ბუნება ჩანს ფრაზაში: „და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..“ ?

(1) 10. რა მსხვერპლს ითხოვს ლირიკული გმირისაგან „ვალი ამ წუთის სოფლის“ ?

(1) 11. რომელ სტრიქონებში ჩანს, რომ ლირიკული გმირი სამშობლოს არ დაივიწყებს?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ აკაკი წერეთლის მოთხრობა „რაჭის ერისთავი როსტომ“:

წინ ბელადი მიდიოდა. ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა. იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები! გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა. ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა. და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა. „კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, – უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები. მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც შიში აუჯაგრავს ბალანს“. იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. „იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა“, – თავის სხეულში თქვა იგიმ. მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი. იგიმ შეჰყვირა და გაიმართა. ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს. იგის ბევრი სახე უყურებდა. მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.დანარჩენებიც მიჰყვნენ. ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს აქამდე არასოდეს ენახათ. საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა. წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი. იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა. ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის. ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ ძვალს ღრღნიდეს. იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა. იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი. დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები, დიდები და პატარები. „ნისაც სძინავს“. – თავის სხეულში თქვა იგიმ. წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: „ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა“. წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს.„ნი, ნი, ნი, ნი...“ – იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. ახლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა: „ნი, ნი, ნი...“ წუხილი ძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც უნდა ექნა. წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასასვლელისკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისთვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიაღწია გასასვლელს და გავიდა. ტყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა. იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა. იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხისგულები ხედავდნენ. ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო. თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია, მართალია ძვალს აღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და, საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ სველი ფოთოლი გამოედოს და ტანს ჟრჟოლამ დაუაროს. ვერც ტყეში მოისვენა. მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა. წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა. წუხილი ავი იყო. ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა.გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა. „იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს“. იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგიმ დაიკვნესა და გაიმართა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა. ტკივილი ყვიროდა. იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო. „იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს“. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა. ტკივილი იცოდა, რაც იყო. ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გალოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება. წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს. ამიტომ ერჩივნა ტკივილი. მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმართებოდა, ცოტას შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა. როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა.

(1) 2. რატომ დაუარა იგის „მუცელში ცხელმა გემომ“ ?

(1) 3. რატომ სურს იგის, რომ სხვებივით მოხრილმა იაროს?

(1) 4. რომელ ფრაზაშია გამოყენებული მხატვრული საშუალება?

(1) 5. იგის ყვირილზე ბელადმა რომ „დაიღრინა“, მიუთითებს ბელადის:

(1) 6. რომელ ფრაზაში ჩანს, რომ იგი აფორიაქებულია?

(1) 7. რომელ ფრაზაში ჩანს, რომ იგის სილამაზის აღქმა შეუძლია?

(1) 8. რა მხატვრული საშუალებაა „სველ სიმშვიდეში შეაბიჯა“?

(1) 9. რა შემთხვევაში „აღარ იქნება“ იგი მარტო და მას „წუხილიც თავს დაანებებს“?

(1) 10. რატომ ერჩია იგის ტკივილი წუხილს?

(1) 11. რის თქმა სურს ავტორს სიტყვებით: „როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა“?