×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 2 ვარიანტი 2023 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთები ბესიკ ხარანაულის ლექსიდან „კარტოფილის ამოღება“:

– ხვალე კარტოფილი უნდა ამოვიღოთ! –
მითხარი შენ
და საწოლისკენ სკამი მიიწიე,
რომელზეც შემდეგ,
შუქს რომ ჩააქრობდი,
ტანსაცმელი უნდა დაგეწყო.
მე კედლისკენ გადავბრუნდი.
ამით ისიც გაგრძნობინე,
რომ გავიგე შენი ნათქვამი
და ისიც გითხარ, რომ ხვალინდელ დღეს
სულ სხვა რამეებს ვაპირებდი:
– მე თხუთმეტი წლისა ვიყავი,
ხვალ კვირა იყო
და მე მქონდა ჩემი გეგმები.
მაგრამ შენ თქვი, რომ
კარტოფილი უნდა ამოვიღოთ…

ეს დიდი ხნის წინათ იყო,
თიანეთში...
ჩვენი ეზო სულ თერთმეტი მეასედია,
მაშინ ნახევარზე კარტოფილს ვთესავდით.
გვეთესა ლობიოც, სიმინდიც…
და მხოლოდ სახლის წინ
ერთი ბეწო მოლიღა იყო დატოვილი,
რომ ნახირიდან მობრუნებულ საქონელს
გომურისკენ მიმავალი ბილიკი ჰქონოდა.

ახლა კი, მაინც ეს ბოლო წლები
ისე ცოტას ვთესთ,
რომ ერთ ბოთლ არაყად
ვისაც უნდა იმას დააბარინებ.
მაგრამ სულ სხვაა ამოღება –
შედეგი, ძიება და სიხარული.
შრომა, რა თქმა უნდა, დიდი არ უნდა,
მით უმეტეს, როცა ორნი იღებენ ხოლმე.
ერთი რომ ბარით კარტოფილს ამოჰყრის –
მეორე აჰკრეფს.

როცა დედაჩემი მიწას აცლის კარტოფილს, ანდა
სადმე დამალულს ეძებს თავის გრძნეულ თითებით,
მე, ბარის ტარს დაყუდებული,
ვუყვები რამეს,
ხოლო როდესაც
ახალ ორმოს თხრას შევუდგები,
ის მეტყვის რამეს…
საჩოთიროს არაფერს ვიტყვით,
რომ გუნება არ გავიფუჭოთ.
რომ დავტკბეთ ასე,
ვილივლივოთ მზეში, ჰაერში,
ამოვთხაროთ ჩვენი წარსული,
ამოვყაროთ ოქროები,
პირი ვუჩინოთ...

მაგრამ არის ხოლმე კრიტიკული მომენტებიც,
როდესაც,
მაგალითად,
დედაჩემის წერილს მივიღებ,
რომელშიც იგი,
ჭეშმარიტი პედაგოგის ურყევი ტონით
მწერს – ჩამოდიო!
მე კი ამ დროს
სულ სხვა საქმეები მაქვს გამოჩენილი,
ანდა უბრალოდ,
სხვაგან წასვლა მირჩევნია...
მე კი კარტოფილი უნდა ამოვიღო!
ამ დროს მე ვანჩხლდები,
ვაპროტესტებ, ბრალს ვდებ:
რა არის ასეთი,
განა რა გახდა ბოლოს და ბოლოს,
ორი ტომარა მთელ წელსა გვყოფნის,
განა ღირს იმად, რომ ამდენს ვწვალობთ!
გაზაფხულზე იწერები – უნდა დავთესოთო,
შემოდგომაზე – ამოვიღოთო!
მაგრამ ბოლოს ჩემი ამბოხი,
როგორც წესი, იმით მთავრდება,
რომ ავიკრავ გუდა-ნაბადს
და მივდივარ თიანეთისკენ.

შარშან შემოდგომაზე მე და ჩემი ბიჭი ჩავედით.
ეს მისი პირველი საქმიანი წამოსვლა იყო.
დედაჩემი გაბედნიერდა: –
სახლს და ეზოს პატრონები ჩამოუვიდნენ!
და ისეთი უსუსური იყო იგი ამ სიხარულში,
როგორც არასდროს არცერთ გასაჭირში
არა ყოფილა…

ნახევარ საათში
ჩემი ბიჭი უკვე გაიტყუეს იქაურმა ამხანაგებმა.
ვიდრე ეზოდან გავიდოდა – შემოგვხედა, –
– რა ვქნა, წავიდეო?!
ჩვენ იგი გავუშვით… თხუთმეტი წლისაა,
ისიც კარგია,
რომ სინდისმა შეაწუხა და ყოყმანი დაეტყო.

როცა საქმეს მოვრჩებით
და კარტოფილს დავაბინავებთ,
როცა ხელებს დავიბანთ
და ტანსაცმელს ჩამოვიბერტყავთ,
როცა დედაჩემი სამზარეულოს მიაშურებს,
როცა დასაღამოვდება და აგრილდება,
მე წამოვისხამ თბილ რაიმეს და სახლის წინ,
დიდი ვაშლის ძირში დავჯდები...

(1) 2. რას იხსენებს ლირიკული გმირი ლექსის დასაწყისში?

(1) 3. ბიჭის როგორ დამოკიდებულებას გამოხატავს სიტყვები: „მე კედლისკენ გადავბრუნდი“ ?

(1) 4. რას გვეუბნება მთხრობლის ბავშვობისდროინდელ ყოფაზე სტრიქონები: „და მხოლოდ სახლის წინ ერთი ბეწო მოლიღა იყო დატოვილი...“ ?

(1) 5. რას ნიშნავს სიტყვა „საჩოთირო“ ?

(1) 6. რა მხატვრული საშუალებაა: „ამოვთხაროთ ჩვენი წარსული, ამოვყაროთ ოქროები...“ ?

(1) 7. რატომ აპროტესტებს უკვე ზრდასრული შვილი დედის წერილს?

(1) 8. რას გვეუბნება მთხრობელზე მისივე სიტყვები: „...ჩემი ამბოხი, როგორც წესი, იმით მთავრდება, რომ ავიკრავ გუდა-ნაბადს და მივდივარ თიანეთისკენ“ ?

(1) 9. დედის როგორი ხასიათი ჩანს ფრაზაში: „ისეთი უსუსური იყო იგი ამ სიხარულში, როგორც არასდროს არცერთ გასაჭირში არა ყოფილა“ ?

(1) 10. რაზე მიანიშნებს მკითხველს შვილიშვილის მოქმედება: „ვიდრე ეზოდან გავიდოდა – შემოგვხედა, – – რა ვქნა, წავიდეო?!“. ?

(1) 11. რაზე აკეთებს აქცენტს მთხრობელი ამ სტრიქონებით: „მე თხუთმეტი წლისა ვიყავი...“ „ჩვენ იგი გავუშვით… თხუთმეტი წლისაა...“

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთები იაკობ ხუცესის თხზულებიდან „შუშანიკის წამება“:

მერმე მიავლინა [ვარსქენმა] ჯოჯიკ, ძმაი თვისი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმის ცოლი თვისი, და ეპისკოპოსი სახლისა თვისისაი და ჰრქუა მათ: – ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თვისსა და ნუ ეგევითარი გონებაი გიპყრიეს. უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო! და ვითარ მიიწინეს და შევიდეს წინაშე დედოფლისა და მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს მას, მაშინ წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მათ: – კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყვით, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლად-ღა ვიყავ? მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად? ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმის ცოლი, არცა ცოლი შენი დაი ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ. ჰრქუა მას ჯოჯიკ: – უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყვანოს შენ. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: – ხოლო უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაი ჩემი მისგან.
და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრემლოოდეს ყოველნი. და ჯოჯიკ აღდგა და ცრემლით გარე განვიდა. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ეპისკოპოსსა: – ვითარ მეტყვი მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?!... და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაი და ნეტარი შუშანიკ და თანა წარიტანა ევანგელეი თვისი და ტირილით ესრეით იტყოდა: – უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ. ესე თქუა და წარვიდა მათ თანა და თანა წარიტანნა ევანგელეი თვისი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი. და რაჟამს შევიდა იგი ტაძარსა მას, არა დაჯდა იგი თვისსა მას გალიაკსა, არამედ სენაკსა შინა მცირესა. და აღიპყრნა ხელნი თვისნი ზეცად წმიდამან შუშანიკ და თქუა: – უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალეი, არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს... . . . . . . . და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაი შუშანიკ სიკუდილდ, წარვიდა და თანა წარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მხევალნი მისნი. და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტვილისა. პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: – სძალო და მხევალო ქრისტეისო, ითხოვე ღმრთისაგან, რაითა მომიტევნეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი. და თუ რაიმე შეგცოდეთ, ვითარცა კაცთა საწუთროისათა და სოფლის მოყუარეთა, მოგვიტევენ და ნუ მოიხსენებ მედგრობათა ჩემთა. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: – ჰყავთ წარმდებად საქმეი ესე ჩემი, რამეთუ არა ვინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაი და ტკივილი ჩემთვის, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა. ხოლო მათ ჰრქუეს: – ჩუენ თვინიერ შენსა ფრიად დავშუერით, გარნა არა იყო სმენაი, არცა სიტყუაი. მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ:
– განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალღებაი წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაისა, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი, სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაი სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაი ვპოო, და გუემათა და თრევათა მისთათვის მე განსუენებასა მივემთხვიო და უგულისხმოებისა და უწყალოებისა მისისათვის მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტეის მიერ უფლისა ჩემისა. ხოლო იგინი ამას ყოველსა სიტყუასა მისსა ზედა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: – მოგვიტევენ ბრალნი ჩუენნი და გუაკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტვილო სანატრელო ქრისტეის ღმრთისაო. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: – ღმერთმან მოგიტევენინ, რომელ რაი-იგი ჰყავთ. მაშინღა აკურთხა ჯოჯიკ და ცოლი და შვილნი მისნი და მონა-მხევალნი მისნი და ყოველი ეზოი და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ: – ესე ყოველი ცხორებაი, ვითარცა ყუავილი ველთაი, წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა, მოიმკო, და ვინ განაბნია გლახაკთათვის, შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი.

(1) 2. რა შეუთვალა ვარსქენმა შუშანიკს მოციქულების პირით?

(1) 3. შუშანიკის სიტყვებით, რა არ უნდა დაიჯერონ მოციქულებმა?

(1) 4. რაზე დასწყდა გული შუშანიკს?

(1) 5. რატომ მოინახულა ჯოჯიკმა თავის ოჯახთან ერთად შუშანიკი ციხეში?

(1) 6. რას გვეუბნება ჯოჯიკის შესახებ სიტყვები „უწესოთა საქმეთა აღუარებდა“ ?

(1) 7. სად ელოდება შუშანიკი სამართლიანობის აღდგენას?

(1) 8. რომელ ფრაზაშია გამოყენებული სიტყვა მიკერძოება ?

(1) 9. რას ელოდება შუშანიკი ვარსქენისაგან მიყენებული ტანჯვის სანაცვლოდ?

(1) 10. რა მხატვრული საშუალებაა: „ესე ყოველი ცხორებაი, ვითარცა ყუავილი ველთაი, წარმავალ არს...“ ?

(1) 11. რას ნიშნავს ფრაზა: „ვინ განაბნია გლახაკთათვის, შეიკრიბა...“ ?