×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართული 2022 წელი 1 ვარიანტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი დავით გურამიშვილის პოემიდან „დავითიანი“:

ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,
ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება,
მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.
რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.

ტყუილი ვთქვა, ჩემი თქმული შეიქნების რა სავარგი?
მართალი ვთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!
კაცს მის მეტი არა აქვს რა სიკვდილს უკან თან საბარგი,
სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა – ავი, კარგსა – კარგი.

აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო,
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო,
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო,
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?!

პირსფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.
სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო,
ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,
მაზე სული არ წარვსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.

მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირსაფერად.
მე, თუ გინდა, თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.

მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!
წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების,
ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების...

რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,
ვერ გაუძლებს, რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.
სხვის არმკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს,
თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?

მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს,
მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!
ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,
ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავ.

(1) 2. რატომ ფიქრობს ავტორი, რომ მისი ნათქვამის გამო შესაძლოა გინება დაუწყონ?

(1) 3. რატომ თვლის ავტორი, რომ ტყუილის თქმას აზრი არა აქვს?

(1) 4. გურამიშვილი ამბობს: „მართალი ვთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!“ რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში სიტყვა „დასაკარგი“?

(1) 5. რომელი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული სტრიქონში: „სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო“?

(1) 6. რის თქმა სურს ავტორს ვაზისა და ძეძვის მრგველთა შეპირისპირებით?

(1) 7. რას გულისხმობს ავტორი სტრიქონში: „ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“?

(1) 8. რა აზრია გამოხატული სიტყვებში: „...თვით კი ავად მოუხდების“?

(1) 9. ავტორის აზრით, რას გამოიწვევს „ფარვა სიავისა“?

(1) 10. რომელ სტრიქონშია გამოყენებული მხატვრული საშუალება?

(1) 11. ავტორის როგორი სულიერი მდგომარეობაა გამოხატული სტრიქონში: „მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს“?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობიდან „ამაყი“:

– დედილო!
– ა, შვილო?
– არ ღირს, დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..
– რათა, შვილო, რა მოგივიდა?
– მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას!
– რატომ, შვილო? როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ჩვენც ვაჯახირებთ წუთისოფელს!..
– სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია! კაცს მზესავით უნდა გიყურებდეს ყველა: ხან სასურველი უნდა იყო, – აი, იქნებ
გამათბოსო; ხან კი საწყევარი, – ვაი, როდის გადავრჩები ამ კაცსო! – თვარა ძლოკვივით დასრიალობ შენთვის. თუ ვინმე ფეხს
წაგკრავს, თვარა ისე, შორს მყოფს არც კი შემოგხედავს.
– მერე რა გინდა?
– ციხეს ავიღებ.
– გადირიე?
– გადვირიე კი არა, – ავიღებ!..
– მოგკლავენ, შვილო! შენს ელიზბარს ვისღა უტოვებ...
– ჯანი გავარდეს მასაც და მეც!
– რაღა ამ ციხეს ჩააჟინდი?
– მაგან გამოგვწოვა სისხლი, რაც მაგ წუწკები აქ ჩამოეთესლენ და ციხის კარები თავისთვის მიიხურეს, ტკბილი აღარ
ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა!
– ასე ვიყავით მუდამ...
– რას ამბობ დედილო? ჩვენი ბატონი მკაცრი იყო, რომ მოგვშივდებოდა, ერთს კოდს პურს მაინც ვისესხებდით.
კათალიკოზი რომ მოვიდოდა, ეკლესიაში ყველა გავიგონებდით ტკბილ სიტყვას... ეჰ, მისი სიტყვები ახლაც გულს ჩამრჩენია;
ბატონის მომღერლების ხმა რა სევდით ჩამგუგუნებდა გულში! ლექსები განა მეც არ მესმოდა? ხატავდნენ ბატონის დარბაზს,
განა მეც არ ვხედავდი და თვალი არ ძღებოდა? ეჰ, რა ჩამოვთვალო! ახლა კი ბურდღულებენ რაღაც გაუგებარს... იქნება კარგიცაა
– ღმერთმა იცის! რაც სახეირო იყო, სადღაც წაიღეს – ელიზბარს რაღაი ვაჩვენო!..
.............................................
– ეჰ, მივდივარ, დედილო, მარტო არ მინდოდა წასვლა – არავინ წამყვა, ამ ჩემს ბოღმას მაინც ამოვიღებ გულიდან! მერე რაც
იქნება, იქნება...
ციხის კარს ვიღაცამ ძალუმად დაუკაკუნა.
– ვინ ხარ?
– გააღე.
– ხვალ მოდი.
– ახლა გააღე!
– ვისთან გაქვს საქმე?
– შენთან!
– ვერ გიცნობ!
– გაუღე! ერთია, რას გვიზამს?! – მოისმა მეორე დარაჯის ხმა.
კარის გაღებაზე ახლად შემოსულმა ხმალი შეაბრიალა. ერთი დარაჯთაგანი წაიქცა.
– ეს ერთი! – წაილაპარაკა შემოსულმა.
– ესეც მეორე! – დააყოლა შემოსულმა.
ციხეში ჩოჩქოლი შეიქნა.
– ვიღაც გახელებულა.
– შეკარით!
– ეს მესამე.
– ეს მეოთხე!
– მოკალით! უსათუოდ ბნედანაცემია!
– გახელებულა!
– ეს მეხუთე!
– ერთად მივარდით ოთხივ მხრით და ასწიეთ შუბებზე.
– ესეც მეექვსე... ვაი, მომკლეს!.. ჯანი გამვარდნია. არაფერი წამიგია. მტვრად, არარაობად ვითვლებოდი ქვეყნის თვალში...
არაფერი, მტვერი ვიქნები მიწაში...
– ვინაა? – კითხულობდენ მეციხოვნენი.
– აქაური სოფლელია!
– გადაირია, თუ რა დაემართა?
– გახელდა – ეტყობა.
– არც გახელებულა და არც გადარეულა, ჩვენგან განთავისუფლება უნდოდა.
– მერე, ერთი შეგვებრძოლა?..

2. პერსონაჟის როგორი სულიერი მდგომარეობა ჩანს სიტყვებში: „მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს“?

3. რას ნიშნავს „ვაჯახირებთ წუთისოფელს“?

4. რაზე მიგვანიშნებს პერსონაჟის სიტყვები: „სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია!“?

5. რომელ ფრაზაში ჩანს პერსონაჟის თავგანწირვის მოტივი?

6. დედის როგორი სულიერი მდგომარეობა ჩანს მის სიტყვებში: „ასე ვიყავით მუდამ...“?

7. რა მიზნით ახსენებს შვილი დედას წარსულის ამბებს?

8. რომელი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ფრაზაში: „ახლად შემოსულმა ხმალი შეაბრიალა“?

9. რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში სიტყვა „ბნედანაცემი“?

10. რომელ ფრაზაშია გამოყენებული მხატვრული საშუალება?

11. რატომ ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი ციხეში შეჭრილი კაცის შესახებ: „გახელდა – ეტყობა“?