დავალება 1 — ტექსტის რედაქტირება
16 ქულაყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტიკური ხარვეზები ისე, რომ ტექსტის შინაარსი არ შეიცვალოს.
- ✏️ სიტყვის შესაცვლელად ან წასაშლელად დააწკაპუნეთ სიტყვაზე.
- 🔸 მძიმის დასამატებლად ან მოსახსნელად დააწკაპუნეთ სიტყვებს შორის მონიშნულ ადგილას.
- ⚠️ ყოველი გაუსწორებელი ან ზედმეტად „გასწორებული“ ადგილი ქულას გაკლებთ — ისევე, როგორც რეალურ გამოცდაზე.
წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება
ტექსტი I
ყურადღებით წაიკითხეთ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ მონაკვეთი, რომელშიც ტარიელისა და ავთანდილის მეორე შეხვედრა არის აღწერილი:
ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს,
მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს;
ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს!..
ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.
აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა:
მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა!
ვერ დაჰშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა;
წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა!
ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;
რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად“.
ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
შენვე თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?!
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნნა ცრემლთა დადენით!
სდევს ფათერაკი მიჯნურთა – გაჭვრიტეთ, გაიცადენით!
თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!
ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია;
რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო: უწვრთელი ვირია.
თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,
მოვახსენე: „რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
არას ვარგებ, არ დავდგები, სხვად ვიუბნა რადღა მრავლად?
მან მიბრძანა: „მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად“.
მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,
აწ შევიქცე, რა ვუამბო, რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?
მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი,
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა,
მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
აქა ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.
ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;
ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,
მაშინ, გწადდეს, იხარებდი, გწადდეს – ჭმუნვა გაადიდე!
აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუ, თუ შენ იყო მჭმუნავი!
მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი.
არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.
კითხვა 2 (ტექსტი I)
კითხვა 3
კითხვა 4
კითხვა 5
კითხვა 6
კითხვა 7
კითხვა 8
კითხვა 9
კითხვა 10
კითხვა 11
ტექსტი II
ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ლევან გოთუას რომანიდან „გმირთა ვარამი“, რომელშიც დაკარგული ოჯახის წევრების მოსაძებნად წასული ქალების ამბავია მოთხრობილი:
ჩუმად, უსიტყვოდ ვიდოდნენ უცხო მხარეში ამგზავრებული ქალები. „პირიქითა“ მიწა ერთდროულად ეწვოდათ და ეცივებოდათ შავთასმიანი ქალამნების ქვეშ. ახლო მოსაზღვრე სოფლებსა და მეჯოგეებს შორიახლოს უჩინ-ფარულად ჩაუარეს. კლდე-ხაროებში იღამებდნენ, ტყე-ბუჩქნარებს ეტანებოდნენ. ბევრი შიშ-ვაგლახი იწვნიეს. ადამიანთა მოდგმას ერიდებოდნენ. მაგრამ ხანგრძლივმა შიშმა, მოდუნებისა და დაღლის გარდა, სასოწარკვეთილი გაბედულობაც კი იცის. ქალებიც მიეჩვივნენ ფარულად სვლასა და თვალთვალს...
მეექვსე დღეზე უფრო ფართო ხეობაში გავიდნენ და კარგა მოზრდილ სოფლებსაც წაადგნენ. გადაწყვიტეს ამბის გამოკითხვა, აღარ აერიდნენ სოფელს...
გზის პირში, ქვის ღარზე წყარო გადმოდიოდა. ქვევით ფართო ლორფინზე გადმოსჩუხდა წყალი. ლეკი დედაკაცები მიჯრილიყვნენ წყაროსთან, ზოგი წყალს იღებდა ყელწერწეტა თუნგებითა და მაღალცხვირიანი ყულღანებით, ზოგნი კი სარეცხს მისდგომოდნენ, მარჯვედ საქმიანობდნენ, თან ლაპარაკობდნენ ყველანი ერთად და ყველანი ხმიანად. მთის ქალებს თავის ბარელ დებზე არანაკლებ ჰყვარებოდათ ჭარტალი. შავთასმიანი, გადამთიელი ქალები შორიახლოს შედგნენ.
– მივიდეთ?! – შეეკითხა სათინო.
– მა როდემდე ვიაროთ ეგრე გარე-გარეთ?
– ყველაფერი ვუთხრათ?
– მაშა? ესენიც ხალხია... დედაკაცები არ არიან, ქა!
ქალებმა თავშლები შეისწორეს, სახე გამოიჩინეს და გაუბედავად მივიდნენ წყაროსთან.
– მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა! – ენის მოკიდებით აღმოხდა სათინოს.
– სალამი და ხეირი, დედაშვილობასა! – უფრო გასაგებად დაურთო საბედომ.
უცხო სალმის გაგონებაზე ლეკი ქალები შემობრუნდნენ და ერთბაშად დადუმდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა. მკაფიოდ გამოისმოდა წყაროს ჟღურტული. ერთი ქალი წინ წამოდგა, ხელი მიიჩრდილა... მერმე დოინჯშემოყრილმა ახედ-დახედა მოსულთ:
– გიაურ გურჯი?
– გურჯი გახლავართ! ჰო, დედაშვილობასა! – თავი დაუქნია საბედომ, მაგრამ ლეკის ქალმა ზურგი შეაქცია მას, რაღაც უთხრა სხვებს. ჩურჩული სარეცხივით გაიშალა ქალების ხელში. ყველამ თავი დახარა და საქმიანობა განაგრძო. სათინოს გულზე მოხვდა ასეთი ცუდი მიღება, უკან დადრკა, მაგრამ საბედოს კი გული მოუვიდა.
– ქა! დედაკაცები არა ხართ? რა თავები ჩაქინდრეთ? გაქირი ახლა ჩემი იკითხეთ, თქვენთან მოვსულვართ ქმარ-შვილის საქმეზედ... იგრე წარამარა მოხეტიალენი ხომ არ გგონივართ, ქა! – არ შეეპუა, წინ წარდგა, წყაროსთან მივიდა. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ავსებდა ყულღანს, გზა უტია, ჭურჭელიც გააცალა.
– მოიცადე, ქალო! წყალი მასვი მაინცა, შენ გეუბნები, პატარ-ქალო! – და მხარზე დაადო ხელი. ლეკის ქალმა ხელი მოიშორა.
– სუ! ქალო, სუ! შენ გაგიჩნდა სურავანდი! წყალის სახელიც აღარ იცი? – და საბედომ ახლა ყულღანს მოჰკიდა ხელი. ქალმა დაანება.
საბედომ ჯერ ხელზე გადივლო წყალი, მერმე სახე სველი ხელით მოიწმინდა, პირჯვარი ისახა და წყალი მოწყურებულად შესვა. ლეკი დედაკაცები უმზერდნენ და დაბალ ხმაზე ჩურჩულებდნენ.
ლეკის ქალმა ჩამოართვა ჭურჭელი, წყალი გადაღვარა და სამჯერ გამოავლო.
– ამას დამიხედე! უი, ქა... განა ტურტლიანი ვარ! ჰაიგიდი, კახელო დედაკაცო, გულხადარა ლეკის ქალი გთაკილობდეს! – მერმე თვალცრემლიან სათინოს გადახედა, – მოდი, ქა! თვალი ამათაც დაუდგებათ... ამათა! წყალი ისურვილე!
ახლა ერთი ხანში შესული დედაკაცი ხვნეშით წამოდგა და სათინოს წყალი გაუწოდა. სათინომ მოსვა, თავად გადაღვარა, ახლად აუვსო და მადლობით მიაწოდა.
– ბარაქათ! – უპასუხა ლეკის ქალმა. ეს იყო პირველი სამშვიდობო მერცხალი. ქალებმა ავაზანის ახლო მორზე დასვეს მოსულნი. მიეახლნენ და მათ შორის შერეული ქართულ-ლეკური საუბარი გაიბა. სიტყვებზე უფრო ნიშნები მოქმედებდნენ. სულ მოკლე ხანში დამხვდურებმა წვრილად იცოდნენ მოსულთა საქმის ვითარება. „მამუკა, ზაზა, სოსია, სათინო, საბედო!“ უკვე ძველ-ნაცნობურად გაისმოდა ლეკ ქალთა საუბარში. კახელმა დედაკაცებმა უკვე იცოდნენ, რომელი იყო მესედო, ზულეიხა, ზენაგე თუ სალიჰატ... მტრობისა თუ უნდობლობის ყინული მათ შორის სულ მალე გალხვა... მაგრამ ერთი გამოცდა და შიში კიდევ განიცადეს პირიქითა და პირაქეთა ახალმა ნაცნობებმა.
– ზუჰრა-ხანუმ! – მოულოდნელად შესძახა ქვრივმა ზულეიხამ, რომელიც განსაკუთრებით მფარველობდა უნებურ სტუმრებს. გზაზე ტანკეთილი და სახემარილიანი ძაძამოსილი ქალი მოდიოდა. მას არც თუნგი ჰქონდა, არც სარეცხი.
– ან სტუმრად მოსული ჩანს, ან საგლოვოდ? – ასე ამოხსნა საბედომ ამ ქალის ვინაობა, – მაგრამ, რატომ დაფრთხნენ ეს ქალები?
ეს მიზეზი სულ მალე გამოირკვა. ზუჰრამ მოსვლისთანავე შენიშნა უცხონი, აიძაგრა, ლამაზ თვალ-წარბში სიმკაცრე და სიანჩხლე ჩაუწვა, მხრებში აიწურა, ხელებით ქოქოლა მიაყარა.
– კახ? კახ-იასალ?
– ჰოდე...კახელი დედაკაცები ვართ, გეთაყვა! – თავი დაუკატურა საბედომ.
ზუჰრამ ქვა აიტაცა და ზედ წამოეტანა, მაგრამ ქვრივი ზულეიხა გადაეღობა. სათინოს კვლავ ცრემლები მოერია, ქედელმა დედაკაცმა კი პირიქით გაიწია. ჩხუბს არაოდეს არ დასჭირებია ენის ცოდნა. ზუჰრაზე სათინოს უხმო ცრემლმა საბედოს გაჯავრებაზე უფრო იმოქმედა. ქვა ხელიდან გააგდო და ხმამაღლა მოთქმა ამოუშვა. ზულეიხა-ქვრივმა ხელად გააცალა კახ-იასალები წყაროს. თავის ღარიბულ ქოხში წაიყვანა. დაღამდა თუ არა, ზულეიხას ქოხმახში მრავლად მოვიდა მოსაკითხავი და საგებელი ქმარ-შვილის მაძებართა სანუგეშოდ და დასაპურებლად.
ხოლო როდესაც ხეობის თავს მთვარე გადმოადგა, შორეული ბანიდან უნელებელი გლოვის ძალით შეჰკივლა ვიღაცამ. სივრცეში გადასული გლოვის ხმა საყვედურივით დაედო სოფელს. კახელმა დედაკაცებმა უმალ იცნეს ზუჰრას ხმა. ახლა მეორე ბანიდან გაისმა კივილი, მას მესამე ბანიდან შეეწია უნუგეშო ქალური მოთქმა. დაზაფრულ სოფელს ეუფლებოდა ლეკ ჯალაბთა გლოვა-ტირილი.
ახლა სათინოსაც ამოეხირა ყელში მოთქმის ზლუქუნი.
მთვარის სატირალზე გამოსული ლეკი და კახი დედაკაცები სხვადასხვა კილოზე, მაგრამ საერთო მოთქმის ენაზე მეტყველებდნენ. ყველა თავის ძველსა და ახალ მიცვალებულს ჩიოდა და ტიროდა, განსაკუთრებით კი უდროოდ და უცხოობაში დაღუპულთ. ყველა თავისი ბანიდან გასტიროდა სოფელს, მაგრამ გლოვა კი საერთო იყო, მთელ მთვარისქვეშეთს ედებოდა და ეხებოდა.
ლექსიკა: ლორფინი — ქვის ფილა; გაქირი — გაჯიუტება, გაკერპება; სურავანდი — დაავადება; გულხადარა — დაღესტნის ზოგი ტომის დამაკნინებელი ეპითეტი.